თბილისის ქარვასლები

თბილისის ქარვასლები, ძირითადად, სიონის ტაძრის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. შემორჩენილ ქარვასლათაგან უძველესი მე-17 საუკუნით თარიღდება. ქარვასლებში ვაჭარ-ხელოსანთა დუქნები და სასტუმრო ოთახები იყო განთავსებული
შემორჩენილი ქარვასლების უმრავლესობა XIX საუკუნეშია აგებული და სტრუქტურული ერთგვაროვნებით ხასიათდება, თუმცა ქარვასლების ისტორია საქართველოს დედაქალაქში 2 საუკუნით ადრე იწყება. სასტუმრო დანიშნულების გარდა, ქარვასლას საბაჟო კონტროლისა და საგზაო ვაჭრობის ორგანიზების ცენტრის ფუნქციაც ჰქონდა — იქ ხშირად ჩერდებოდნენ სპარსეთიდან და სომხეთიდან მომავალი სავაჭრო ქარავნები.
იცოდით თუ არა, რომ...
1. „ქარვასლა“ სპარსულად ქარავნის სახლს ნიშნავს. ეს ტერმინი საქართველოში დამკვიდრდა XVII—XVIII საუკუნეებში. უფრო ადრე სასტუმრო სახლის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარებოდა სიტყვა „ფუნდუკი“.
2. ქარვასლას ჰქონდა საცხოვრებელი ოთახები, სავაჭრო დუქნები, საქონლის შესანახი სარდაფები, საჯინიბოები და ეზოები პირუტყვის გასაჩერებლად
იყო.
3. აღსანიშნავია სიონის ტაძრის გვერდით მდებარე როსტომ მეფის მიერ 1650 აგებული ქარვასლა, რომელიც XVIII საუკუნის დამდეგს გადაეცა თბილელ ეპისკოპოს დომენტი III-ს, რის შემდგომაც მას თბილელის ქარვასლა ეწოდა.
1818 წელს ეროვნებით სომეხმა თბილისის მოქალაქემ, გევორქ არწრუნმა, ამ ადგილზე, XVII საუკუნის ძველ ფუნდამენტზე, დიდი ქარვასლა ააგო. მის ტერიტორიაზე განლაგდა სასტუმროს 33 ნომერი, 24 სავაჭრო და სასაწყობო სათავსო. ეს შენობა მოინახულა თვით რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ და მისთვის დიდად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. არწრუნის ქარვასლის შენობას ადაპტაცია-რესტავრაცია 1984 წელს ჩაუტარდა. დღეს ამ შენობაში თბილისის ისტორიის მუზეუმი ფუნქციონირებს.
4. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქარვასლა „თეკლეს ქარვასლის“ სახელით ცნობილი ნაგებობაა. იგი 1795 წელს სპარსელების მიერ დანგრეული „მეფის ფუნდუკის“ ადგილას აშენდა და ერეკლე მეფის ასულს, თეკლე ბატონიშვილს ეკუთვნოდა. ნაგებობა ეკლექტურია, მისი ფასადები ევროპულ-მავრიტანული, კლასიცისტური და ისლამური სტილის ნიშნებს ატარებს.