“ამ შენობასთან თანაცხოვრებაა საჭირო - მას საკუთარი ატმოსფერო უკვე შექმნილი აქვს და თვითონ გკარნახობს, თუ როგორ უნდა მოიქცე, როგორ ღონისძიებებს უმასპინძლო და როგორ გააცნო სტუმრებს მისი მემკვიდრეობა”
“ამ შენობასთან თანაცხოვრებაა საჭირო - მას საკუთარი ატმოსფერო უკვე შექმნილი აქვს და თვითონ გკარნახობს, თუ როგორ უნდა მოიქცე, როგორ ღონისძიებებს უმასპინძლო და როგორ გააცნო სტუმრებს მისი მემკვიდრეობა” - ფილარმონიის შენობის ფუნდამენტური განახლების დაწყებამდე, Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელი, ციცი იაშვილი გვიყვება თუ რამდენად საპასუხისმგებლოა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლზე მუშაობის პროცესი. “როდესაც საქმე ეხება ისეთ შენობას, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათი და ამავე დროს, კულტურული ძეგლია, აცნობიერებ, რომ შეცდომისა და თუნდაც, ოდნავი წაბორძიკების უფლებაც არ გაქვს.”
მართლაც, იშვიათად მოიძებნება ისეთი შენობა, რომელიც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე საქართველოს კულტურულ ლანდშაფტს ისე ასახავდეს, როგორც თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი, ან როგორც მას ყველანი ვეძახით - ფილარმონია.
60-იან წლებში, როდესაც ახალი საკონცერტო დარბაზის აშენების საჭიროება დადგა, ძირითადად ის წარმოდგენილი იყო, როგორც ოპერისა და ბალეტის თეატრისა თუ სპორტის სასახლის ალტერნატივა, რადგან ეს სივრცეები სხვადასხვა მახასიათებლებით იყვნენ შეზღუდულები. ფილარმონია კი უნდა ყოფილიყო კულტურული სივრცე, რომელიც იმ პერიოდისთვის თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვებოდა და ახალი სტანდარტებით მოემსახურებოდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს.
არქიტექტორ ივანე ჩხენკელის ხელმძღვანელობით, გადაწყდა, რომ ახალი ნაგებობა თბილისისთვის ისტორიულ ადგილას, მელიქიშვილის და ამჟამინდელი კოსტავას ქუჩის კვეთაზე უნდა აშენებულიყო. იმ პერიოდში, აღნიშნული ლოკაცია ე.წ. ალიონის 3 სართულიან შენობას ჰქონდა დაკავებული, რომლის დემონტაჟის შემდეგ დაიწყო 10 წლიანი პროცესი ერთადერთი მიზნით - თბილისს ჰქონოდა მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდებოდა.
სპეციფიკურმა ადგილმდებარეობამ შენობის სივრცით კომპოზიციაზე თავისი გავლენა მოახდინა, რისი შედეგიცაა ასიმეტრიულად განლაგებული ფართო კიბე, ასევე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი საკულტო ქანდაკება, 8 მეტრიანი “მუზა”. აღსანიშნავია ისიც, რომ შენობის ვესტიბიულის ინტერიერის მხატვრული ნაწილიც ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილებმა გააფორმეს.
მიუხედავად ასეთი არქიტექტურული მასშტაბებისა, მაინც ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მომდევნო 5 დეკადის განმავლობაში ამ კედლებს საკუთარი მუსიკით ხელოვნების ტიტანები B.B. King, Sun Ra, Roy Ayers, George Benson და სხვადასხვა ეპოქის საუკეთესო არტისტები შეავსებდნენ.
თუმცა, როგორც ყოველთვის, ყველაფერს აქვს თავისი რესურსი და ლიმიტი. მით უმეტეს, როცა სივრცე მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, ათასობით ხელოვანს და მილიონობით ადამიანს მასპინძლობს.
“ათწლეულების განმავლობაში ფილარმონია იყო სივრცე, სადაც ქალაქისა და ქვეყნის კულტურული რიტმი იქმნებოდა - ტარდებოდა საერთაშორისო დონის კონცერტები, მნიშვნელოვანი საჯარო ღონისძიებები, საზოგადოებრივი თავყრილობები. თუმცა, ხუთი დეკადის განმავლობაში დაგროვილმა ტექნიკურმა და ინფრასტრუქტურულმა პრობლემებმა მისი ფუნქციონირება შეზღუდა და „სიკაშკაშე“ გააფერმკრთალა.“ - „სთარინგ ჯორჯიას“ სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ამირან ჯანელიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იმ დიდი კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ, რომელიც ფილარმონიამ შემოგვინახა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა მის შენარჩუნებაზე ზრუნვა. “იმისთვის, რომ ფილარმონია კულტურული ეპიცენტრის სტატუსით დაუბრუნდეს თბილისს, აუცილებელია ფუნდამენტური, მაგრამ იდენტობის შემანარჩუნებელი განახლება.”
ამ მიზნით, „სთარინგ ჯორჯიას“ საორგანიზაციო გუნდმა, რომელმაც საზოგადოებას მასშტაბური ღონისძიებებით და ახალი სტანდარტების დამკვიდრებით გააცნო თავი, მოამზადა კონცეპტუალური გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა რეაბილიტირდეს სრულფასოვნად თავდაპირველი არქიტექტურული სახისა და იდენტობის მაქსიმალური დაცვით.
როგორც ისინი ამბობენ: “ჩვენ ფილარმონიას ფუნდამენტურ სტილს ვუნარჩუნებთ, პარალელურად კი მთლიანად ვანახლებთ საინჟინრო და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, რათა დარბაზი სრულ თანხვედრაში მოვიდეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან”.
მსგავს პროცესებს ყოველთვის თან ახლავს კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი ახალი ელემენტების შეტანა ისე, რომ იდენტობის ხაზი არ დაირღვეს. ამ შემთხვევაში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ არ შეიცვლება სახელი და იდენტობა, დარბაზის არიქტექტურული იერსახე და ფასადები, ასევე ინტერიერის ის ვინტაჟური ხაზი, რომელიც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ფილარმონიის სავიზიტო ბარათად იქცა.
სანაცვლოდ, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული კუთხით, რომელიც მოიცავს როგორც ცალკეული ელემენტების გამყარებას, ასევე სახანძრო სისტემის მოდენრიზაციას, ელექტროენერგიის ქსელის განახლებას, კონდიცირების სისტემასა და ზოგადად, უფრო ეკომეგობრული, ენერგოეფქტური სისტემის დანერგვას.
ბუნებრივია, რომ ამ მასშტაბის პროექტზე მუშაობა გეგმაზომიერ მიდგომას საჭიროებს, რის გამოც მომზადდა სრულყოფილი საკონკურსო დავალება, რომელიც პროექტზე მომუშავე გუნდს პროცესის კომფორტულად მართვის საშუალებას მისცემს.
“კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად და ყველა ეტაპი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. პრიორიტეტია გამოცდილება და კომპეტენცია - პროექტზე მუშაობის შესაძლებლობას მივცემთ ისეთ გუნდებს, რომლებიც შეძლებენ შედეგის ჩვენებას, და ფილარმონიის მიყვანას საერთაშორისო სტანდარტების ვენიუს დონემდე. ჩვენს დედაქალაქს ეკუთვნის დარბაზი, სადაც მაღალი ხარისხის ღონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი.”
“სთარინგ ჯორჯიას“ საორგანიზაციო გუნდის თამამი მიზნები მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ასპექტებს არ მოიცავს - აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფილარმონიამ თავისი ფუნქცია დაიბრუნოს და ქალაქში კულტურული მიზიდულობის ცენტრი გახდეს. მათი თქმით ფილარმონია აღარ იქნება მხოლოდ საკონცერტო დარბაზი. მალე ადამიანები შეძლებენ ყოველი უქმეების ფილარმონიაში გატარებას. აქ აღარ იქნება მხოლოდ ერთი სცენა, პირიქით, ერთდროულად იფუნქციონირებს რამდენიმე სივრცე.
“გარდა იმისა, რომ ფილარმონიის ადმინისტრაციულ ნაწილში იქნება სტუდიები და სახელოსნოები, სადაც შეძლებენ ნიჭიერი ახალგაზრდები თავიანთი შემოქმედებითი გზის დახვეწას, მათთვისვე იქნება ფილარმონიაში ექსპერიმენტული სცენა, რათა პირველი კონტაქტი მსმენლთან სწორედ აქ შედგეს.” - ციცი იაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ფილარმონია არა მხოლოდ წარმატებული არტისტების სცენა იქნება, არამედ სივრცე დაეთმობათ იმ ნიჭიერ და პერსპექტიულ ხელოვანებს, ვისაც არ აქვთ საშუალება საკუთარი შემოქმედებითი სამყარო სრულყოფილად გამოხატონ.
აქ არ იგულისხმება მხოლოდ მუსიკის ენა, ახალი ეტაპიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიზუალურ ხელოვნებას, საგამოფენო სივრცეებს, პროფესიულ ვორქშოპებს და სოციალიზაციისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას. “ასევე, შენობაში განთავსდება კრეატიული ინდუსტრიების ცენტრი, რომელიც ახალი თაობის ადამიანებს მათთვის სასურველი პროფესიის შერჩევასა და შემდგომ შესწავლის პროცესში დაეხმარება.”
აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ.
ჩვენ ბევრჯერ ვახსენეთ კულტურული მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობის შენარჩუნება თუ თაობიდან თაობაზე გაზიარების პროცესი კიდევ ერთი საკვანძო საკითხია. ამ მიზნით ფილარმონიას დაემატება სამუზეუმო სივრცე, რომელიც ახალი თაობისთვის დროის კაფსულის ფუნქციას შეასრულებს. სწორედ ამ სივრცეში გაცოცხლდება ის ღონისძიებები და ემოციები, რომლებიც 1971 წლიდან დღემდე ქმნიდა არა მხოლოდ ამ დარბაზის, არამედ ქალაქისა და ქვეყნის კულტურულ რეალობას.
“ახალ თაობასთან კომუნიკაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ არ აქვთ ან ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ ფილარმონიის შესახებ. გვინდა, რომ პერიოდი, სანამ განახლებული შენობა დაგვიბრუნდება, აქტიურად გამოვიყენოთ და ახალგაზრდებს ფილარმონია უფრო ახლოს გავაცნოთ. ამისათვის ვაპირებთ, ამ შენობის ისტორია ახალგაზრდებს ციფრულად გავუზიაროთ, ანუ, ასე რომ ვთქვათ, ფილარმონიამ გახსნამდე ციფრულ სივრცეში გააგრძელოს ცხოვრება.” - “ფილარმონია • დროის კადრები”, ეს “სთარინგ ჯორჯიას“ გუნდის მიერ ინიცირებული ახალი პროექტია, რომლის მიზანია, რომ კულტურული მემკვიდრეობა ხელშესახებ, ცოცხალ ორგანიზმად გარდაიქმნას. ბლოგპოსტების, ფოტო და ვიდეო მასალის თუ გაციფურლებული ფირების მეშვეობით, “ფილარმონია • დროის კადრები” მოგიყვებათ ისტორიას, რომელიც დეკადებია იწერება და შეიძლება დროის სივრცეში დაკარგულიყო.
“გვინდა, ისტორიას შემოვუნახოთ და ახალგაზრდებს გავაცნოთ ფილარმონიის წარსული. დღეს მათ ჰგონიათ, რომ ფილარმონია ერთგვაროვანი სივრცე იყო, სადაც ღონისძიებები მხოლოდ ვიწრო გემოვნების ადამიანებისთვის იმართებოდა, თუმცა საარქივო მასალით გაიგებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს წარსული და რამდენად მრავალფეროვანი.”
ნათელია, რომ ფილარმონიის ისტორიის ახალი ფურცელი ძალიან მნიშვნელოვან და რაც მთავარია, სასარგებლო ცვლილებებს გულისხმობს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიას, როგორც წარსულის კადრებს ისე არ შევხედოთ და უფრო ხელშესახებ მოვლენად ვაქციოთ - მოვლენად, რომელიც ქვეყნის კულტურულ რეალობას ახალ განზომილებას შესძენს.