SG
[ Back to all miniatures ]

Ananuri Fortress Complex

gallery image
The Ananuri architectural complex is one of the most significant monuments from Georgia’s late feudal period (16th–18th centuries). It brings together religious, military, and secular structures. While Georgia is home to many monuments from this era, only a few are as well-preserved and as comprehensively organized as Ananuri.


წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან — თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები. კომპლექსის ადგილას არ ჩანს ადრეული პერიოდის ნაგებობათა კვალი. ამ ადგილის, როგორც სტრატეგიული პუნქტის მნიშვნელობა გაზრდილა ერთიანი საქართველოს სამეფოს დასუსტების შემდეგ. იგი არაგვის ერისთავების რეზიდენციის ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, აქ იყო მათი მთავარი სამლოცველო და საგვარეულო სამარხი.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ყიზილბაშთა, ოსმალთა და ლეკთა გამუდმებული თარეშის გამო, 1723 წელს, კახელებთან ერთად, ანანურს თავს აფარებდა ქართლისა და კახეთის მომავალი მეფე თეიმურაზ II. ქართველი ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მათ იქ ყოფნის დროს ლეკები მოადგნენ, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამ წლებში ანანური ზარბაზნებით ყოფილა გამაგრებული

2. ანანურის ციხე ხშირად ექცეოდა ფეოდალური დაპირისპირებების ეპიცენტრში. მსგავსი მოვლენებიდან აღსანიშნავია 1739 წლის ტრაგედია, რომელსაც ვრცლად აღწერს მემატიანე პაპუნა ორბელიანი, რომლის მოთხრობასაც ვახუშტი ბატონიშვილისა და სხვა მემატიანეთა ცნობები ავსებს: როდესაც შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული, არაგვის ერისთავებს მისი ძმის, იესეს ცოლი ყიზილბაშებისათვის გადაუციათ და ნამუსი აუხდიათ. რუსეთიდან დაბრუნებულ შანშეს ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დაუსჯია. საკუთარი და ლეკთაგან დაქირავებული ჯარით მისდგომია ანანურის ციხეს, სადაც გამაგრებული ყოფილა არაგვის ერისთავი ბარძიმი, ძმასთან ერთად. ბრძოლის შედეგად უამრავი ლეკი და ქართველი დახოცილა. მოალყეებს ვერაფერი გაუწყვიათ და ბოლოს წყალსადენი გადაუჭრიათ. ზაფხული ყოფილა, ციხეში მყოფთ უწყლოდ ძალიან გასჭირვებიათ და იძულებულნი გამხდარან, სიცოცხლის შენარჩუნების ფიცის სანაცვლოდ დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაბარდა, მაგრამ მისი შვილი არ დანებებია და „შეუპოვარ” კოშკში გამაგრებულა. ქსნელებმა ფიცი დაარღვიეს და ბარძიმი მოკლეს. დაუხოცავთ მისი ოჯახის სხვა წევრებიც; შემდეგ ციხე აუღიათ, „შეუპოვარი” კოშკისათვის ცეცხლი წაუკიდებიათ და შიგ მყოფნი ცოცხლად გამოუწვავთ. არაგველებზე ისე უმოქმედია ამ შემთხვევას, რომ უზარმაზარი, შვიდსართულიანი კოშკი ამოუქოლავთ და დამწვართა სამარხად უქცევიათ. მხოლოდ ორასი წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს არქეოლოგებმა. მათ საშინელი სურათი წარმოუდგათ თვალწინ — ნახანძრალი სავსე იყო დიდებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღითა და საოჯახო ნივთებით.

3. 1743 წელს მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ამიერიდან იგი მეფის მიერ დანიშნულ მოხელეთა რეზიდენცია გახდა. შემდგომ წლებში ანანურის ციხეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. სამეფო ხელისუფლება მას სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდა. მაგალითად, როდესაც ირანის ტახტის მაძიებელი შაჰზადა თეიმურაზსა და ერეკლეს ხელში ჩაუვარდათ, მათ იგი ანანურში დაამწყვდიეს, შემდეგ კი, ნადირ-შაჰს მიჰგვარეს.

4. ანანური მთელი ქვეყნის საიმედო სიმაგრედ ითვლებოდა. როდესაც ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთს ორასი თუმნის გადახდა უბრძანა, თეიმურაზ მეფეს არც გადახდა შეეძლო და არც ამის სურვილი ჰქონდა, ამიტომ გაცლა ამჯობინა. მან, მთელი ოჯახით, დიდებულთა ოჯახებითა და ჯარით, ანანურის ციხეს შეაფარა თავი. მათი დატევა მხოლოდ ქალაქის ტიპის ციხესიმაგრეს შეეძლო.

5. ანანურში იყო განლაგებული რუსი გენერალი ტოტლებენი მთელი თავისი არტილერიით, როდესაც მას ერეკლე მეფის ტახტიდან ჩამოგდება ჰქონდა განზრახული. 1791 წელს ერეკლე II-ის მიერ ვაჟიშვილებისთვის დაწერილ განწესებაში ანანურის ციხე ქვეყნის 7 უძლიერეს ციხეს შორის არის მოხსენიებული. მხცოვანმა მეფემ კრწანისის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ სწორედ ამ ციხეს შეაფარა თავი.

6. ანანურის ციხე შედგება ორი ძირითადი ნაწილის — ქვედა ციხისა და ზედა ციხისაგან (ციტადელი). ძირითადი ნაწილი ციტადელს უკავია და უკეთაცაა შემონახული, ქვედა ციხისაგან კი, მხოლოდ ნანგრევებიღა შემორჩა.