Narikala and Abanotubani

Narikala:
Narikala’s construction is estimated to date back to the 4th century. Since then, the fortress has gradually changed in form and function, making it one of the oldest and most vibrant architectural symbols of Tbilisi. It was a defensive structure with a complex system, fortified with strong walls, towers, and bastions - difficult to access and conquer.
Abanotubani:
Tbilisi’s oldest district, located on the right bank of the Mtkvari River. Its name is associated with the famous sulfur baths built over natural hot mineral springs.
ნარიყალა:
ისტორიკოსების ერთ-ერთი ვერსიით, IV საუკუნეში მეფე ვარაზ-ბაკურს ამ ადგილას აუშენებია ციხესიმაგრე, რომელიც შემდგომ სასანიანთა ირანს ჩაუგდია ხელში. V საუკუნის შუა ხანებში ქართლის მეფეებმა ციხესიმაგრე დაიბრუნეს. ციხესიმაგრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა ჯერ VII საუკუნეში, ხოლო მოგვიანებით, დავით აღმაშენებლის მიერ XII საუკუნეში. ის ბევრჯერ დანგრეულა და აღუდგენიათ.
იცოდით თუ არა, რომ...
1. ნარიყალას რამდენიმე სახელი ჰქონდა, მათ შორის, „კალა“, „შურის ციხე“ და „ნარინ ქალა“. ამ უკანასკნელიდან მომდინარეობს ციხესიმაგრის დღევანდელი დასახელებაც, რაც სპარსულად ციტადელს, შიდაციხეს ნიშნავს.
2. ლეგენდის მიხედვით, ციხე — როგორც თვით ქალაქი თბილისი — მეფე ვახტანგ გორგასალის დაფუძნებულია.
3. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
4. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის სახით.
5. XVII საუკუნემდე ციხის შიდა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა „მეფის სასახლე“. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) ციტადელმა დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. არსებობს მოსაზრება, რომ იქ განათავსეს რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი, რომელიც 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქდა.
აბანოთუბანი:
თბილისის დაარსების ისტორია, რომელიც, ერთი მხრივ, ლეგენდაც არის და მეორე მხრივ, რეალური საფუძველიც გააჩნია, ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს (V საუკუნე). X საუკუნის არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი აღნიშნავს: „ქალაქში არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით, XIII საუკუნის თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII საუკუნის რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში 6 აბანოს ითვლის.
იცოდით თუ არა, რომ...
1. ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული. ერთ დღესაც ამ ადგილას მეფე ვახტანგ გორგასალი ნადირობდა. მისი მიმინო ხოხობს დაედევნა, მონადირეები მიმინოს კვალდაკვალ მიჰყვნენ და ბოლოს ორივე ფრინველი ცხელ წყალში მოხარშული იპოვეს. მეფემ გადაწყვიტა, რომ ამ ადგილას დედაქალაქი დაეარსებინა.
2. XVII–XIX საუკუნეების თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII–XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და თავმოყრილია ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ადგილს აბანოთუბანი.
3. აბანოების სახელები ხშირად მისი მფლობელის სახელიდან ან თანამდებობიდან გამომდინარეობდა, ამიტომ იცვლიდა ხოლმე აბანო სახელწოდებას იმის მიხედვით, თუ ვის მფლობელობაში იყო იგი.
4. ძველი თბილისის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება როდი ჰქონდათ, ისინი გარკვეულად საზოგადოებრივ დანიშნულებასაც ასრულებდნენ. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „წინათ აბანო მსურველთათვის ღია იყო, ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ზოგჯერ ჩამოსული გლეხისათვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა. საქონელს ბაკში მირეკავდა, თვითონ კი, გაბანილ-გასპეტაკებულს, ორშაურად მთელ ღამეს აბანოში არხეინად ეძინა... აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ და სადილობდნენ კიდეც... მერე ჩაის სმა იწყებოდა... ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც. გარდა ამისა, ქალებს საშუალება ეძლეოდათ აბანოში გამოეფინათ თავიანთი ტუალეტები და ძვირფასი სამკაულები... ქალს ახალი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა... რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში, ბევრი სანდომიანი „ქალი და რძალი“ გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოჩენია გატიტვლებულ ქალს“.
5. თბილისის აბანოებს 1850-იან წლებში სტუმრობდა ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრ დიუმა, რომელიც წერდა:
„რატომაა, რომ გრძნობათა მორევის ისეთ ქალაქს, როგორიც პარიზია, არ გააჩნია ასეთივე აბანოები? რატომ არც ერთი საქმოსანი არ გამოიწერს თბილისიდან ორიოდე მექისეს? ეს, რასაკვირველია, სასარგებლოც იქნებოდა და სარფიანიც. ექვსი კვირის განმავლობაში, რომელიც თბილისში გავატარე, ყოველ მესამე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდი."